ეფემერულზე დაკვირვება: პეპლების განახლებული კოლექცია
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
ეფემერულზე დაკვირვება: პეპლების განახლებული კოლექცია
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ენტომოლოგიის კოლექცია მუზეუმის დაარსების თანადროული უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მყიფე კოლექციაა, რომელიც აერთიანებს ისტორიულ, სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობით გამორჩეულ ნიმუშებს. კოლექციის ფორმირება 1880-იან წლებში დაიწყო და მოიცავს როგორც მე-19 საუკუნის, ასევე მე-20 საუკუნის ეგზემპლარებს. კოლექციაში წარმოდგენილია ევროპული, კავკასიური და ტროპიკული წარმოშობის პეპლები, რომლებიც ერთიანად ასახავენ ენტომოლოგიური ცოდნის გავრცელებასა და აბრეშუმის კულტურასთან დაკავშირებულ გლობალურ კავშირებს.
მუზეუმის ენტომოლოგიური კოლექცია წარმომავლობისა და გავრცელების არეალით 5 კონტინენტს ფარავს, მათ შორის აერთიანებს დღისა და ღამის პეპლების იშვიათ სახეობებს. პეპლების კოლექცია ბუნებაზე დაკვირვების, შემეცნებისა და გადაკვეთის ახალ არეალს გვთავაზობს, სადაც მყიფე სხეულები და მათი ვიზუალური ფორმები დროის, ტრანსფორმაციისა და ეფემერულობის შესახებ გვაფიქრებენ.
დროთა განმავლობაში კოლექციამ არაერთი გამოწვევა გამოიარა, თუმცა მისი მნიშვნელობა სწორედ ამ გარდამტეხ ფაზებში იკვეთება. კოლექციაში დაცულია იშვიათი ნიმუშები სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუციებისგან, კერძოდ: კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის დამაარსებლის ნ. შავროვის მიერ შეგროვებული და მუზეუმისთვის ნაჩუქარი ევროპული და კავკასიური აბრეშუმხვევიას ნიმუშები, თბილისში არსებული კავკასიის მუზეუმისგან საჩუქრად მიღებული კოლექცია, ლიონის აბრეშუმსაცდელი ლაბორატორიის მიერ ნაჩუქარი ტროპიკული ნიმუშების კოლექცია, პარიზის აკლიმატიზაციის ბაღის ზოოლოგიური მუზეუმის მიერ ნაჩუქარი ტროპიკული ნიმუშების კოლექცია, ლაიფციგში ერნესტ ჰაინესგან შეძენილი ტროპიკული ნიმუშების კოლექცია, სადგურის თანამშრომლების მიერ კავკასიაში მივლინების დროს შეგროვებული და სადგურის ლაბორატორიაში არსებული სახეობების ეგზემპლარები. ვალერი პეტროვის მიერ ბოლო წლებში შემოწირული ნიმუშები, AIMF მუზეოგრაფიის პროექტის ხელშეწყობით 2025 წელს შეძენილი კოლექცია.
ექსპოზიცია აერთიანებს როგორც დღისა და ღამის პეპლების ნიმუშებს, ასევე მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი ენტომოლოგიური ალბომებიდან ვიზუალურ რეპლიკებს, ასევე პეპლების კოლექციაზე მიკროსკოპული დაკვირვების ვიზუალიზაციას, რაც მნახველს მულტიმედიურ გამოცდილებას სთავაზობს.
საგამოფენო მიმართულების კურატორი: მარიამ შერგელაშვილი
საგამოფენო მიმართულების სტაჟიორები: ვატო მაღრაძე, მარიამ გეგიძე, ელენე მარდალეიშვილი, ნინო პაპუაშვილი
გამოფენის რეკომენდატორები: ნინო კუპრავა, ვალერი პეტროვი, სოფიო ინჯია, სალომე ფაჩუაშვილი, მარინა გონაშვილი
გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედია: ანანო გოგიჩაძე