მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ბიბლიოთეკა

გამოფენა
09.10.24
  • ორშ.: closed
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: closed

მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია აერთიანებს აბრეშუმის წარმოებასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან ექსპონატებს (ჭიის ბიოლოგიის კოლექცია, ლაბორატორიული კვლევის ინვენტარი, ეთნოგრაფიული კოლექცია და ა.შ.), ასევე სხვადასხვა ტიპის აბრეშუმის ქსოვილებს და მათ შექმნასთან დაკავშირებულ ნიმუშებს (საქსოვ დაზგებს და მათ დეტალებს, საბეჭდავებს, საღებავების კოლექციას და ა.შ). ექსპონატები წარმოდგენილია ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზების მიხედვით დამზადებულ ვიტრინებში.

გამოფენაში ჩართულია 2023 წლის "ევროპალიის" საერთაშორისო ფესტივალზე ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამოფენილი, რესტავრირებული სამუზეუმო კოლექციები. ცენტრალურ დარბაზში დროებით განთავსებულია მუზეუმთან ერთად ევროპალიის გამოფენა "აბრეშუმის" მონაწილე ხელოვანის, თამუნა ჭაბაშვილის ინსტალაცია “მოგზაური ისტორიები” სერიიდან “დაუცველობის საზღვრები” (2023). ნამუშევარი ადაპტირებული ფორმით იფინება და ეხმიანება აბრეშუმის მუზეუმის არქივსა და მუზეუმის ტექსტილის კოლექციაში დაცულ ინდუსტრიულ ქსოვილებს.


აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკა მუზეუმის დაარსების თანადროულია. ბიბლიოთეკის არსებობის იდეა თავიდანვე ჩადებული იყო კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის კონცეფციაში. ეს სივრცე მოიაზრებოდა, როგორც სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. წიგნადი ფონდი მოიცავდა არამხოლოდ ვიწროდ მეაბრეშუმეობის დარგის ლიტერატურას, არამედ საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალურ წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებს. დღევანდელ დღეს ბიბლიოთეკაში დაცულია მე-18-21-ე საუკუნეების 20 000-მდე წიგნი და პერიოდული გამოცემა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე. 

 

გალერეა