მეხსიერების კვალი: ქვიდან ტექსტილამდე
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
როგორ გარდაიქმნება ისტორიული ვიზუალური მოტივების მნიშვნელობა ერთი მატერიალური ფორმიდან მეორეში გადასვლისას? რა ახალ ინტერპრეტაციულ შესაძლებლობებს წარმოშობს მათი თანამედროვე მხატვრული გააზრება?
ნინო ჩოკოშვილის გამოფენა „მეხსიერების კვალი: ქვიდან ტექსტილამდე“ კულტურული მეხსიერების მატერიალურ ფორმებსა და ისტორიული ვიზუალური ნიშნების ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს იკვლევს. გამოფენა ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ეპოქის მოტივებს - პრეისტორიული პეტროგლიფებიდან შუა საუკუნეების არქიტექტურულ რელიეფებამდე, თანამედროვე ტექსტილის ნამუშევრებში წარადგენს.
ქვა ისტორიული მეხსიერების ერთ-ერთი უძველესი მატარებელია. ქვის ორნამენტი საუკუნეების განმავლობაში ადამიანის მიერ შექმნილ ნიშნებს, სიმბოლოებსა და გამოსახულებებს ინახავს. ამ ვიზუალური მემკვიდრეობის ტექსტილში გადატანით იცვლება როგორც გამოსახულების მატერიალური ბუნება, ისე მისი აღქმისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობები.
პროექტის ცენტრალურ საკითხს მეხსიერების უწყვეტობა და მატერიალური გარდაქმნის პროცესში მისი ახალი მნიშვნელობებით დატვირთვა წარმოადგენს. ქვის სიმტკიცესა და მონუმენტურობას ტექსტილის მოქნილობა და სირბილე ენაცვლება, ხოლო რელიეფური გამოსახულებები აპლიკაციის და ხელით ქარგვის ტექნიკებით ახალ ფორმას იძენს.
ნინო ჩოკოშვილი ისტორიულ მოტივებს მასშტაბის, ფერის, ფაქტურისა და კომპოზიციის ცვლილებით გადაამუშავებს. ამ პროცესში გამოსახულებები თავდაპირველ კონტექსტს შორდება და დამოუკიდებელ მხატვრულ ფორმებად ყალიბდება. წარსული მნიშვნელობათა ღია სისტემად წარმოჩნდება, რომლის ინტერპრეტაციაც თანამედროვე გამოცდილებისა და განსხვავებული მატერიალური შესაძლებლობების გავლენით მუდმივად განახლებადია.
გამოფენაში განსაკუთრებული ადგილი ხელით შრომასა და ტექსტილის შექმნის პროცესს ეთმობა. ქსოვილის დამუშავება, ფენების ურთიერთმიმართება და ნაკერის განმეორებითი მოქმედება ზედაპირზე ახალი კვალის წარმოქმნას განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, ტექსტილი მეხსიერების შენარჩუნებისა და ხელახალი ფორმირების დამოუკიდებელ სივრცედ გვევლინება, სადაც ისტორიული გამოსახულება ახალ მატერიალურ გამოცდილებას უკავშირდება.
„მეხსიერების კვალი: ქვიდან ტექსტილამდე“ ორ განსხვავებულ მატერიალურ და დროით გამოცდილებას შორის დიალოგია. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის გააზრების შესაძლებლობას მისი უწყვეტი გარდაქმნისა და თანამედროვე მხატვრულ პრაქტიკასთან ურთიერთმიმართების საფუძველზე გვთავაზობს.