ნიკოლაი შავროვი
პერსონალიები
ნიკოლაი შავროვი (1858-1915) - რუსი ბიოლოგი, კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1887-1909). დაიბადა უკრაინის (მაშინდელი რუსეთის იმპერიის) ქალაქ ნიკოლაევში. განათლება მიიღო მოსკოვის საიმპერატორო ლიცეუმში და შემდგომ მოსკოვის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1882-85 წლებში მსახურობდა თბილისის კონტროლის პალატაში. ამ პერიოდში ის მიავლინეს ევროპაში, სადაც გაეცნო მეაბრეშუმეობის სადგურებს ავსტრო-უნგრეთში, იტალიასა და საფრანგეთში. 1886 წელს სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში. აქ მას დაევალა მეაბრეშუმეობის მდგომარეობის შესწავლა კავკასიაში და დარგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რასაც მოჰყვა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის შექმნა თბილისში. შავროვი იყო სადგურის დირექტორი 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში და ხელმძღვანელობდა როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო მიმართულებებს.
შავროვი იყო გამორჩეულად შრომისმოყვარე და თავდადებული თავისი საქმისადმი. ვ. ივანოვი, შავროვის მოადგილე და მეაბრეშუმეობის სადგურის რიგით მეორე დირექტორი (რომელიც თავდაპირველად შავროვის ბინაში ცხოვრობდა) მოგონებებში აღნიშნავს, თუ როგორ ხვდებოდა დილის 7 საათისთვის ამდგარს შავროვი უკვე საწერ მაგიდასთან ენერგიულად მომუშავე მაშინ, როცა წინა საღამოსაც მაგიდასთან დამჯდარს ტოვებდა და ასე გრძელდებოდა ყოველდღე შეუსვენებლად. შავროვის პირადი მონაწილეობის გარეშე არ ეწყობოდა არცერთი ექსპედიცია თუ ღონისძიება, რამაც ისე გაუთქვა მას სახელი, რომ ბევრისათვის სიტყვა შავროვი გაიგივებული იყო მეაბრეშუმეობასთან, კავკასიის ზოგიერთ სოფელში მას „აბრეშუმის პარკის გენერალსაც“ კი ეძახდნენ.
რუსი ბიოლოგი, კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის დამაარსებელი და პირველი დირექტორი
თავისი მოღვაწეობის განმავლობაში შავროვი, გარდა მეაბრეშუმეობისა, დიდ ყურადღებას უთმობდა სოფლის მეურნეობის სხვა დარგებსაც. გამოქვეყნებული აქვს 82 სამეცნიერო ნაშრომი. თანამშრომლობდა ბევრ გაზეთსა და ჟურნალთან.
მნიშვნელოვანია ნიკოლაი შავროვის წვლილი აბრეშუმის მუზეუმის ექსპოზიციის შექმნასა და გამდიდრებაში. მისი მოგზაურობისა და ექსპედიციების დროს შეგროვებული ექსპონატები და გადაღებული ფოტოები დღემდე მუზუემის მთავარ კოლექციებს წარმოადგენს.