CULTUSERI 2025 - BACSA-სა და ARACNE პროექტის საერთაშორისო კონფერენცია

ამბავი
16.11.25 - 21.11.25
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა BACSA-სა და ARACNE პროექტის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას CULTUSERI 2025-ს ა.წ-ის 16–21 ნოემბერს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო დელეგაციამ 13 ქვეყნიდან, მათ შორის იყვნენ მკვლევრები და ინსტიტუციური წარმომადგენლები იტალიიდან, საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.

კონფერენცია ორგანიზებული იყო შავი, კასპიის ზღვისა და შუა აზიის აბრეშუმის ასოციაციის (BACSA) და ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის ARACNE პროექტის მიერ, მასპინძლობას უწევდა აბრეშუმის მუზეუმი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით. კონფერენციაზე განხილულ იქნა მეაბრეშუმეობის დარგში განხორციელებული თანამედროვე კვლევები და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები.

კონფერენციის წლევანდელმა პროგრამამ მოიცვა თემების ფართო სპექტრი, მათ შორის:

• მეაბრეშუმეობის ტრადიციული ცოდნა და კულტურული მემკვიდრეობა

• თუთის ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგიური მდგრადობა

• Bombyx mori-ის გენეტიკური კვლევები

• კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები და აბრეშუმის გამოყენება თანამედროვე დიზაინში

• კულტურული ტურიზმი და სამუზეუმო სტრატეგიები

• მდგრადი განვითარების თანამედროვე მოდელები და აბრეშუმის წარმოების განახლების პერსპექტივები

კონფერენციამ ასევე გამოკვეთა ARACNE პროექტის უახლესი კვლევები, როგორიცაა თუთის ხეების რუკა, გენოფონდის კონსერვაცია, საგანმანათლებლო მოდულები, მეაბრეშუმეობის ინოვაციური ტექნოლოგიები და სექტორებს შორის თანამშრომლობა. აკადემიურმა პროგრამამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აბრეშუმის კვლევების მზარდი მნიშვნელობა კულტურის, სოფლის მეურნეობისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებათა დისციპლინებს შორის.

საკონფერენციო კვირის განმავლობაში დელეგატებს ჰქონდათ საველე ვიზიტები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. კონფერენციის მონაწილეევმა ასევე მოინახულეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, დაათვალიერეს მუზეუმის კოლექციები, არქივი და ჰორიზონტი ევროპის ARACNE პროექტის ფარგლებში შექმნილი თანამედროვე პროგრამები. მუზეუმმა ასევე უმასპინძლა ARACNE პროექტის სამუშაო შეხვედრას, სადაც პარტნიორებმა მიმდინარე კვლევითი მიმართულებები განიხილეს და შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს.

როგორც ერთ-ერთი უძველესი სპეციალიზებული ინსტიტუცია, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის, სამეცნიერო კვლევისა და მეაბრეშუმეობის დარგის მნიშვნელოვან ცენტრს. CULTUSERI 2025-ის მასპინძლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მუზეუმის როლს და მის საერთაშორისო მნიშვნელობას.

გალერეა

ამბები