ტექსტურები

გამოფენა
19.10.25 - 20.12.25
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დროებითი გამოფენების სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიცია ინდუსტრიული ქსოვილების კოლექციასა და მასთან დაკავშირებულ მასალას ესკიზურად წარმოადგენს. მომდევნო სამი თვის განმავლობაში გამოფენა კვლევით და ინტერაქტიულ პლატფორმად გარდაიქმნება.

თბილისის აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკაში 1950-90-იანი წლებში წარმოებული საბჭოთა ქსოვილების ნიმუშები მრავალი წლის განმავლობაში მუზეუმის სხვენში ინახებოდა. პანდემიის პერიოდში (2021 წელი) აღმოჩენილი ეს საარქივო მასალა სახელოვნებო და საკურატორო კვლევების, მრავალმხრივი შემოქმედებითი ინიციატივის საფუძველი გახდა. ამ პერიოდში შექმნილ პროექტებს შორისაა ხელოვან ნინო ქვრივიშვილის კვლევა თბილისის აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკასა და ქსოვილის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებზე. ქვრივიშვილის კვლევა მეხსიერების, პიროვნებების, მათ მიერ გაწეული შრომისა და მატერიის ურთიერთმიმართებას განიხილავს.

საგამოფენო სივრცეში ინტერპრეტაციულად წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის საავტორო პროექტი “ერთხელ”, რომელიც სამუზეუმო სივრცეში პირველად იფინება. ძველი საფოსტო ბარათების არქივისგან შთაგონებული ეს ნამუშევარი, მსგავსად ინდუსტრიული ქსოვილების ნიმუშებისა, მეხსიერებისა და დროის ურთიერთმიმართებას აღბეჭდავს. ამავე სივრცეში მოწყობილი სპეციალური წერილების კუთხე, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მისცემს საკუთარი ისტორიები და მოგონებები შემოქმედებითად აღწერონ.

ესკიზური გამოფენით მუზეუმი აგრძელებს „დაკარგულისა და ნაპოვნის“ საკითხზე ფიქრს. როგორ ვაანალიზებთ კოლექტიურ და ინდივიდუალურ მეხსიერებას? როგორ წარმოვიდგენთ ეპოქის ტაქტილურ გამოცდილებას - კონკრეტული დროის ვიზუალურ ესთეტიკასა და მასალების ზედაპირებში “ჩაწერილ” ისტორიებს? ტექსტურები აქ გადაიქცევა როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მატერიად, საგნებს შორის მყოფი დროის, შრომისა და მოგონებების მატარებლად.

ღია, ცვალებადი ექსპოზიციით, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი არქივი და არტისტული ინიციატივები ცოცხალი ურთიერთგაცვლის პროცესს განავითარებს, რომელიც სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო შეხვედრისას განივრცობა.

ესკიზური გამოფენა მუზეუმის მიმდინარე საგამოფენო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგამოფენო პროექტების კურატორის, მარიამ შერგელაშვილის, ხელმძღვანელობით.

მონაწილე სტაჟიორები: ნინი ბექაური, ანანო გოგიჩაძე, ნინუცა ლეკიშვილი, ნინი მამულაძე, სალი ხიზანიშვილი.