ვარჯიში დაკვირვებაში – Genius Loci Tbilisi
ღონისძიება
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, 29 სექტემბერი, 19:00
ვარჯიში დაკვირვებაში - Genius Loci Tbilisi აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში მიმდინარე დროებითი გამოფენის „მუზეუმი და მდინარე“ კვლევით მიდგომას განავრცობს. Genius Loci, ანუ ადგილის სულის კონცეფციაზე დაფუძნებული პროგრამა აერთიანებს ფსიქოგეოგრაფიას, სივრცეზე დაკვირვებასა და ინდივიდუალურ შემოქმედებით ძიებას და ამ გამოცდილებას თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მთავარ თემას, „სიცარიელის გეოგრაფიას“ უკავშირებს.
პროგრამის მთავარი კითხვა იყო: რა ხდება მაშინ, როდესაც სივრცე თითქოს არაფერს გვთავაზობს და შესაძლებელია თუ არა სიცარიელეში ადგილის სულის აღმოჩენა? ამ პროცესში სიცარიელე განიხილება როგორც შუალედური მდგომარეობა, სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების, ცვლილებისა და ახალი მნიშვნელობების წარმოქმნის პროცესშია.
ზაფხულის განმავლობაში მონაწილეები შემოქმედებითი დაკვირვების მეთოდებით იკვლევდნენ თბილისის სხვადასხვა სივრცეს: მაუდის ქარხანას, იპოდრომს, თემქის უბანს და თბილისის ზღვის ჰორიზონტს. დაკვირვება, მოსმენა, გადაადგილება, ჩანაწერი და ვიზუალური ფიქსაცია თანდათან ინდივიდუალური ნამუშევრების ფორმატით განვითარდა.
საჯარო ჩვენება აერთიანებს ვიდეო, ფოტო, აუდიო და გრაფიკულ მასალას, რომლებიც სივრცეზე დაკვირვებიდან მის შემოქმედებით ინტერპრეტაციამდე განვლილ პროცესს ასახავს.
პროგრამის მენტორები: კვლევისა და გამოფენის ავტორები, არქიტექტორები ნატა ნებიერიძე და მაშა ჩიღვინაძე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო პროექტების კურატორი მარიამ შერგელაშვილი.
მონაწილე ავტორები: ლიზი დვალი, თეონა კახიძე, გიორგი კიკნაძე, ნიკა ტეფნაძე, არჩილ წერეთელი.