სტეპის გზა: კორეადან საქართველომდე
ჰერიუნ კიმი

გამოფენა
10.07.25 - 30.07.25
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

ხელოვან ჰერიუნ კიმის გამოფენა “სტეპის გზა კორეადან საქართველომდე” აბრეშუმის მუზეუმის სივრცეებში წარმოადგენს დროისა და შემეცნების მაკავშირებელ ქსელს. ხელოვანის კვლევა პრეისტორიული სამყაროსა და ადრეული ცივილიზაციების შესახებ შემოქმედებითი მიდგომით განივრცობა სხვადასხვა მედიუმში და მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ადგილზე მორგებულ ინსტალაციად გარდაიქმნება.

“სტეპის გზა” ისტორიულად აბრეშუმის გზაზე უფრო ძველი სავაჭრო მარშრუტი ძვ.წ. 2000 წლიდან, ბრინჯაოს ხანიდან ფუნქციონირებდა. მომთაბარე ტომებში გაცვლის, კავშირების, კომუნიკაციის ქსელი გადაჭიმული იყო ევრაზიის სტეპების ზონაში. ეს უძველესი ტრანსკონტინენტური, ადრეულ ცივილიზაციათა მაკავშირებელი მარშრუტი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კულტურებზეც დიდ გავლენას ახდენდა, (მაგ. თრიალეთის კულტურა).

როგორი ფორმით შეიძლება განვითარდეს ისტორიული ცნობები და თეორიები, როდესაც ამ საკითხებით ხელოვანი ინტერესდება? ჰერიუნ კიმის, ორ სხვადასხვა კულტურულ ველში - სამხ. კორეასა და გერმანიაში მოღვაწე ხელოვანის, გამოფენა ამ კითხვაზე მრავალშრიანი პასუხია. ხელოვანის სამნაწილიანი ინსტალაცია შთაგონებულია უძველესი დამწერლობების ფორმებით. არა იმდენად ქრონოლოგიური, რამდენადაც ვიზუალური მოგზაურობა შუმერულ (უძველეს), რუნებისა (ძველგერმანულ) და ქართულ დამწერლობებში არა ისტორიულ, არამედ კულტურულ-არქეტიპულ მხატვრულ ინტერპრეტაციას ეფუძნება.

აღნიშნულ ინსტალაციასთან ერთად გამოფენა ხელოვანის მეორე გრძელვადიან სერიას “Mother Mobile” წარადგენს, სადაც უკვე ტრადიციული კორეული კოსტიუმი (Hanbok) უნივერსალურ ფორმად გარდაიქმნება. ქსოვილის ობიექტებით ხელოვანი მარად მოძრავ სიცოცხლეს, ქალის ღრმა კვალს, მის ფემინურ როლს განსაზღვრავს. ჰერიუნის ტექსტილის ნამუშევრებში სამგანზომილებიანი სკულპტურულობა სამოსის ძირითად დანიშნულებას (დაფაროს სხეული) უგულვებელყოფს. ობიექტები ქსოვილს მეტაფორული მნიშვნელობით ახალ, თვითმყოფად და მოძრავ დინამიკად აყალიბებს. მოძრაობისა და მონუმენტურობის ამგვარი თანაკვეთა ობიექტის სულიერ განზომილებას წარმოაჩენს.

გამოფენა, უნივერსალური კოდირებული ფორმირებითა და ჰერიუნ კიმის კონცეპტუალური ხედვით, სამყაროს საყოველთაო მისტერიაზე გვაფიქრებს. ხელოვანი კი სტეპების გადაშლილი ველიდან (კორეადან საქართველომდე) ათასწლოვან მივიწყებულ შეგრძნებებს თავიდან გამოიხმობს.

ხელოვანის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი

გალერეა