ჰერიოუნ კიმი – მოწვეული რეზიდენტი ხელოვანი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში
რეზიდენცია
2025 წლის 1–30 ივლისს, კორეასა და გერმანიაში მოღვაწე ხელოვანი, ჰერიოუნ კიმი სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამით იმყოფება თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში. ის მუზეუმის სივრცეში ავითარებს ახალ საგამოფენო პროექტს – სტეპის გზა: კორეიდან საქართველომდე. გამოფენა ეხმიანება როგორც რეალურ, ასევე წარმოსახვით უძველეს სავაჭრო გზებს, იკვლევს მოძრაობის, კულტურული თანაკვეთის, უნივერსალური შემეცნების და ადგილობრივი ტრადიციების სინთეზს. პროექტი კოლექციის, ქსოვილის, ორნამენტის, კოსტუმის და უძველესი ცივილიზაციური დამწერლობების მხატვრულ კვლევას მუზეუმის არქიტექტურულ სივრცესთან დიალოგში წარმოადგენს.
ჰერიოუნ კიმი (დ. 1964, ჩანვონი, სამხრეთ კორეა) არის მხატვარი, რომლის მრავალფენოვანი პრაქტიკა მოიცავს ნახატს, მელნით შესრულებულ ნამუშევრებს, ტექსტილის ობიექტებსა და ინსტალაციას. მისი ნამუშევრები იკვლევს კულტურულ მეხსიერებას, ბუნებასა და იმ იდენტობებს, რომლებიც ისტორიულ, პრეისტორიულ და გეოგრაფიულ ლანდშაფტებშია მოქცეული. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა სერიამ დუმილის ხმა, რომელიც ბერლინის ტყეებში მედიტაციური სეირნობების შთაგონებით შეიქმნა და აერთიანებს სენსორულ რეალიზმსა და აბსტრაქტულ კარტოგრაფიას.
კიმმა დაამთავრა სეულის ეროვნული უნივერსიტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურისა და ხელოვნების თეორიის განხრით, ასევე სწავლობდა ფერწერას ბერლინში. 1998 წელს დაიცვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში.
მისი წინა პერსონალური გამოფენებია: წერილები ფერწერაში (Soma მუზეუმი, სეული, 2011) და დუმილის ხმა – გერმანული ტყე (Kunsthalle Dresden, 2019). მისი ნამუშევრები დაცულია ისეთ კოლექციებში, როგორიცაა კორეის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი და ლუი ვიტონის ფონდი, საფრანგეთი.