ლუი პასტერი

პერსონალიები
ლუი პასტერი
მიკრობიოლოგი, ქიმიკოსი
1822-1895

ლუი პასტერი  (1822-1895) - ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი, რომელიც ცნობილია ვაქცინაციის პრინციპების, მიკრობული ფერმენტაციისა და პასტერიზაციის აღმოჩენებით.  მისმა ქიმიურმა მიგნებებმა მოახდინა გარღვევა დაავადებების მიზეზებისა და პრევენციის მეთოდების დადგენაში და საფუძველი ჩაუყარა ჰიგიენის პრინციპებს, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და თანამედროვე მედიცინის დიდ ნაწილს.  მისი შემუშავებული ცოფისა და ჯილეხის ვაქცინების დამსახურებით მილიონობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს.  პასტერი მიჩნეულია თანამედროვე ბაქტერიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ფუძემდებლად. 

მე-19 საუკუნეში ევროპაში გავრცელდა აბრეშუმხვევიას (Bombyx mori) დაავადება პებრინა, რომელმაც აბრეშუმის წარმოება უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა. ლუი პასტერმა შეიმუშავა დაავადების პრევენციის მეთოდი, რომელიც ცნობილია უჯრედული (ცელულარული) სელექციის ან პასტერის მეთოდის სახელით. ყოველი ცალკეული პეპელა პატარა, ჰაერგამტარ კონტეინერში თავსდებოდა, რომელსაც უჯრედს უწოდებდნენ და შიგნით სხვებისგან განცალკავებით დებდა კვერცხებს. შემდეგ პეპელა გადიოდა ორმაგ მიკროსკოპულ შემოწმებას: თუ შემოწმების შემდეგ მას პებრინას მიმართ იმუნიტეტი აღმოაჩნდებოდა, მაშინ მისი კვერცხებიც ჯანსაღად მიიჩნეოდა და აღინიშნებოდა ბეჭდით „პებრინის გარეშე“. 1870 წელს გორიციაში ჩატარდა მეაბრეშუმეობის პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომლის შემდეგაც დაიწყო გრენის დახარისხება პასტერის სისტემით.  სწორედ ამ კონგრესის შედეგად დაარსდა მეაბრეშუმეობის ექსპერიმენტული სადგურები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო  გორიციის, პადუის, ტოკიოსა და კავკასიის. კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ერთ-ერთ უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენდა გრენის კონტროლი პასტერის მეთოდით და ჯანსაღი კვერცხის გავრცელება ადგილობრივ ფერმერებში, რამაც, ფაქტობრივად, გადაარჩინა ქართული მეაბრეშუმეობა და შემოგვინახა აბრეშუმის ჭიის უძვირფასესი მონოვოლტინური კავკასიური ჯიშები. 

ლუი პასტერმა შეიმუშავა აბრეშუმხვევიას დაავადების პრევენციის მეთოდი, რომელიც ცნობილია უჯრედული (ცელულარული) სელექციის ან პასტერის მეთოდის სახელით.

1887 წელს პარიზში დაარსდა პასტერის ინსტიტუტი, რომელსაც მეცნიერი ცხოვრების ბოლომდე ხელმძღვანელობდა. პასტერი დაკრძალულია ამ ინსტიტუტის აკლდამაში, რომლის კედლებზეც წლების მიხედვით ჩამოწერილია მისი ძირითადი აღმოჩენები:

1848  მოლეკულური დისიმეტრია

1857  ფერმენტაცია

1862  სპონტანური თაობები

1863  ღვინოზე ჩატარებული კვლევები

1865  აბრეშუმხვევიას დაავადებები

1871  ლუდზე ჩატარებული კვლევები

1877  ვირუსული დაავადებები

1880  ვირუსები - ვაქცინები 

1885 ცოფის პრევენცია

1902 წლიდან სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით თბილისში მაშინდელი აფთიაქის ქუჩას ლუი პასტერის სახელი ეწოდა.  ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ქუჩას არც საბჭოთა პერიოდში და არც მას შემდეგ არ შეცვლია სახელი.