ჟოზეფ მარი ჟაკარდი
პერსონალიები
ჟოზეფ მარი ჟაკარდი (1752-1834) - ფრანგი ფეიქარი და ვაჭარი, რომელმაც მიაგნო მუყაოს ფირფიტების მეშვეობით ჟაკარდულ დაზგაზე ავტომატური ქსოვის ხერხს 1801 წელს. ამ დაზგამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროგრამირებადი მანქანების შექმნაში და კომპიუტერის ერთ-ერთ წინაპრად მოიაზრება.
ჟაკარდი დაიბადა და ცხოვრება გაატარა საფრანგეთის ქალაქ ლიონში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ევროპული აბრეშუმის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. ჟაკარდი მოღვაწეობდა საფეიქრო ბიზნესში და 1800 წლიდან მან დაიწყო სხვადასხვა აღმოჩენაზე მუშაობა. 1801 წელს საფრანგეთის პროდუქტებისა და ინდუსტრიის გამოფენაზე მან წარადგინა ჟაკარდული დაზგის პირველი ვარიანტი და მიიღო ბრინჯაოს მედალი.
ჟაკარდული დაზგის პოტენციალი მაშინვე აღიარეს საფრანგეთში. 1805 წლის 12 აპრილს ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი მეუღლე ჟოზეფინა ლიონს ესტუმრენ და დაათვალიერეს ჟაკარდის დაზგა. დაზგის პატენტი იმპერატორმა ქალაქ ლიონს გადასცა, ხოლო ჟაკარდს დაუნიშნეს როგორც პენსია, ისე საავტორო ჰონორარი თითოეული დაზგიდან.
ჟაკარდის გამოგონებას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა მქსოველების მხრიდან, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ ავტომატური დაზგა მათ საარსებო წყაროს წაართმევდა, თუმცა, დანადგარის უპირატესობებმა გადაწონა ყველანაირი უარყოფითი მხარე და 1812 წელს საფრანგეთში უკვე 11 000 მოქმედი დაზგა არსებობდა.
ჟაკარდის დანადგარი არის მექანიკური დაზგა, რომელშიც გამოყენებულია მუყაოს დახვრეტილი ფირფიტა, სადაც თითოეული ფირფიტა ქსოვილის დიზაინის ერთ ზოლს გამოხატავს.
ჟაკარდის დანადგარი არის მექანიკური დაზგა, რომელშიც გამოყენებულია მუყაოს დახვრეტილი ფირფიტა, სადაც თითოეული ფირფიტა ქსოვილის დიზაინის ერთ ზოლს გამოხატავს. ფირფიტებზე ნახვრეტების რამდენიმე მწკრივია და ქსოვილის დიზაინის ერთი ნაირსახეობის მისაღებად მრავალი ფირფიტა ერთმანეთზე ძაფით არის გადაბმული. ნახვრეტებისა და გაუხვრეტავი ადგილების კომბინაციები ერთგვარ კოდს ქმნის, რომელიც ციფრული ბინარული კოდის მსგავსია. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე ითვლება ჟაკარდული დაზგა კომპიუტერის ერთგვარ წინაპრად. XXI საუკუნეში შეიქმნა ციფრული ჟაკარდული დაზგა, რომელიც უკავშირდება კომპიუტერს და შეუძლია ფოტოშოპის ან მსგავსი პროგრამების საშუალებით დამუშავებულ ნებისმიერი ფაილის ქსოვა.