ტექსტები, როგორც კულტურული საგანძური

ამბავი
15.12.23 - 30.08.24
პროექტი საბიბლიოთეკო წიგნებსა და ჟურნალებზე, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის წყაროზე, ფოკუსირდება, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო შემოქმედებითი პრაქტიკოსებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შთაგონებაა.

პროექტი საბიბლიოთეკო წიგნებსა და ჟურნალებზე, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის წყაროზე, ფოკუსირდება, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო შემოქმედებითი პრაქტიკოსებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შთაგონებაა. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესში, როდესაც აბრეშუმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული უზარმაზარი კოლექციები შენახულია, ვცდილობთ გავააქტიუროთ არასრულად გამოყენებული ბიბლიოთეკის არქივი. ვთანამშრომლობთ 6 ქართველ და ამერიკელ ხელოვანთან. ესენი არიან: ვიზუალური არტისტები, მოდის  დიზაინერები, პოეტები, წიგნის ხელოვანები, კინორეჟისორები და ახალი მედიის ხელოვანები, რომლებიც თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე აბრეშუმის მუზეუმის ბიბლიოთეკის საარქივო მასალის კვლევით შექმნიან ახალ ნამუშევრებს.

2024 წლის გაზაფხულზე, ამერიკელი მონაწილეები (სამი მხატვარი და ერთი თანაკურატორი) ორი კვირის განმავლობაში მჭიდროდ ითანამშრომლებენ აბრეშუმის მუზეუმის გუნდთან, რათა იკვლიონ და გაცვალონ იდეები ქართველ ხელოვან კოლეგებთან. ამგვარი თანამომაწილეობა ახალი საერთაშორისო კულტურული კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ერთმანეთთან გამოცდილებების გაზიარების გარდა, ყველა ხელოვანი მონაწილე იქნება ფესტივალის “ტექსტები, როგორც კულტურული საგანძური”, სადაც ფართო აუდიტორიისათვის მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ სარდაფში გაიმართება საჯარო საუბრები და პრაქტიკული ვორქშოფები. 

მომდევნო თვეებში, ნამუშევრების დასრულების შემდეგ, 2024 წლის შემოდგომისათვის, მუზეუმის ახალ ვებ-გვერდზე განთავსდება ნამუშევრები, სამუშაო პროცესთან ერთად. ეს საერთაშორისო აუდიტორიას საშუალებას მისცემს ჰქონდეთ ვირტუალური წვდომა აბრეშუმის მუზეუმის ბიბლიოთეკის დაფარულ საგანძურთან. აღნიშნული პროექტის შთაგონებით მუზეუმის კურატორები შექმნიან სამომავლო საგამოფენო და საგანმანათლებლო სტრატეგიას, საჯარო პროგრამებსა და პროექტებს. 

 

ამერიკელი ხელოვანები:

სტეისი სტიერსი - საერთაშორისოდ ცნობილი კინორეჟისორი, კინმატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, გუგენჰეიმის ფონდის , კრეატიული კაპიტალის, ამერიკული კინოს ინსტიტუტის წევრი;

მერი ციონგასი  - ბერძნული წარმოშობის საერთაშორისოდ ცნობილი ახალი მედიის არტისტი, რომელსაც მიენიჭა “women to watch 2015”-ის ტიტული ქალთა ხელოვნების ეროვნული მუზეუმისაგან. ექსპერიმენტული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების პროფესორი ნიუ მექსიკის უნივერსიტეტში, ალბუკერკი.

ჯი პატერსონი - აღიარებული აფროამერიკელი პოეტი და კრიტიკოსი, მუშაობდა მასწავლებლად, რედაქტორად და თანამშრომლობდა საერთაშორისო არტისტებთან არაერთ სფეროში: მუსიკა, ცეკვა, საჯარო ხელოვნება; 

 

ქართველი არტისტები: 

ნინო ქვრივიშვილი - ტექსტილის მხატვარი. სახელოვნებო რეზიდენციებისა და გამოფენების მონაწილე ლიეტუვაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და გერმანიაში. ლექტორი თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 

God Era  - ნინო გოდერიძე არაბინარული ვიზუალური ხელოვანი და მოდის დიზაინერი, რომელიც ცნობილია მდგრადი და ეთიკური მოდის პრაქტიკით, ეკო-მასალების ექსპერიმენტებით და ქვიარ სპეკულაციებით. წარმოდგენილი იყო თბილისის mercedes benz მოდის კვირეულზე.

Mariam Zal - მარიამ ზალდასტანიშვილი გრაფიკოსი და ილუსტრატორია. მუშაობს წიგნის დიზაინის, ვიზუალური იდენტობის, საგამოფენო დიზაინის მიამრთულებით. მონაწილეა 4 პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენის ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში და საქართველოში. არის არაერთი სახელოვნებო პრემიის ლაურეატი. თავისუფალი უნივერსტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლაში (VA[A]DS) ხელმძღვანელობს ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამას

 

პროექტის თანა-კურატორები: ლიდია მეთიუსი, ნინო (ჩუკა) კუპრავა, მარიამ შერგელაშვილი. 

ფისკალური სპონსორი: CEC ArtsLink

პროექტი დამფინანსებელი: ამერიკის საელჩო საქართველოში

გალერეა