1260 ° - როგორ გადარჩა შობა საქართველოში
ნონა ოთარაშვილი და რუსკა შაშიაშვილი
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 2025 წლის 18 დეკემბრიდან მასპინძლობს ნონა ოთარაშვილისა და რუსკა შაშიაშვილის ერთობლივ საავტორო პროექტს “1260 ° - როგორ გადარჩა შობა საქართველოში”. მოგზაური გამოფენა განხორციელდა 2025 წლის ნოემბერში გალერეა KUNSTHANDLUNG BOLLHORST-ში ქალაქ ფრაიბურგში, 12 დეკემბერს ქალაქ შტაუფენში კერამიკის სახელმწიფო მუზეუმში და 2025 წლის 18 დეკემბრიდან 2026 წლის 18 იანვრამდე წინასაახალწლოდ თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.
მოგზაური გამოფენისა და პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო და ქალაქ ფრაიბურგის მუნიციპალიტეტი.
ნონა ოთარაშვილის საავტორო განაცხადი:
1990-იანი წლები საქართველოში მკვეთრი გარდაქმნებისა და სოციალური კრიზისების ხანა იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ძველი სტრუქტურები დაიშალა, ხოლო ახალი სახელმწიფოებრივი სისტემის შექმნა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ეს გახლდათ ბნელი, უშუქო ღამეების ხანა. დროის დიდ ნაწილს ნავთისა და პურის უსასრულო რიგებში ვატარებდით. სარდაფებში შენახული ზამთრის მარაგი - შინ მომზადებული კონსერვები ოჯახების ჯადოსნურ საგანძურად იქცა. ამის გამო სარდაფების ძარცვა გახშირდა.
ერთ დღეს, სარდაფში ჩასულს, ბებიასეული ნაძვის ხის სათამაშოები იქ აღარ დამხვდა. ბამბის ქსოვილსა და თხელ ქაღალდში შეფუთული მინის ფიგურების მრავალრიცხოვანი კოლექცია, რომელიც ერთ დიდ, ძველ თუნუქის ყუთში იყო მოთავსებული, გამქრალიყო. ამ ყუთში ინახებოდა ჩემი ბავშვობის უამრავი მოგონებაც.
საბჭოთა რეჟიმმა რელიგიას ომი გამოუცხადა, ეკლესიები დაარბია, მღვდლები გადაასახლა, ხოლო ქრისტიანული დღესასწაულები, მათ შორის შობა, აკრძალა. ნაძვის ხეც გაქრა საჯარო სივრციდან.
1935 წელს, რამდენიმეწლიანი აკრძალვის შემდეგ, საშობაო ნაძვისხე დაბრუნდა ახალი შინაარსითა და სახელით - „საახალწლო ნაძვისხე“. მასში რელიგიური ელემენტები ახალი დროის იდეოლოგიურმა და კულტურულმა სიმბოლოებმა ჩაანაცვლა: პიონერები, ტრაქტორები, რაკეტები, ჯარისკაცები თუ კოლმეურნეები ანგელოზებისა და ბიბლიური პერსონაჟების ნაცვლად. ნაძვისხის თავზე ბეთლემის ვარსკვლავი კი კრემლის წითელმა ვარსკვლავმა - საბჭოთა დომინაციის იდეოლოგიურმა სიმბოლომ შეცვალა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები დამზადებულია მაღალი ხარისხის თეთრი ფაიფურისგან, გამომწვარია 1260 გრადუსზე და ნაწილობრივ მოოქროვილია. თითოეული ნამუშევარი უნიკალურია. პროექტში ასევე წარმოდგენილია ფოტოები სახელმწიფო და კერძო არქივებიდან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გამოფენის გახსნა - 18 დეკემბერი, 2025
გამოფენის დათვალიერება გახსნის დღეს, 18 დეკემბერს, 19:00-22:00 საათებში იქნება შესაძლებელი. დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს უნიკალური ხელნაკეთი კერამიკული საახალწლო სათამაშოებს, რომელიც გახსნის შემდეგ, გამოფენის მსვლელობისას მუზეუმის მაღაზიაში გაიყიდება.
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.
ვორქშოფი - 19 დეკემბერი, 2025
19 დეკემბერს, 15:00-17:00 გამოფენის ფარგლებში წინასაახალწლოდ მუზეუმის სახელოსნოში ნონა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით საახალწლო თემატიკაზე ხელნაკეთი კერამიკული სუვენირების დამზადების ვორქშოფი გაიმართება. ვორქშოფში მონაწილეობის საფასურია: 20 ლარი.
(რეგისტრირებულ მონაწილეებს გადახდა შეუძლიათ ადგილზე, ვორქშოფის დღეს)
მონაწილეები თავიანთ დამზადებულ სუვენირებს გამოწვის შემდეგ წინასაახალწლოდ 25-27 დეკემბერს წაიღებენ.
ვორქშოფზე დასწრების მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.