ალექსანდრე შიმკევიჩი

პერსონალიები
ალექსანდრე შიმკევიჩი
არქიტექტორი
1858­-1907

ალექსანდრე შიმკევიჩი (1858­-1907) - პოლონური წარმოშობის არქიტექტორი, კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის შენობათა კომპლექსის არქიტექტურული პროექტისა და საგამოფენო ავეჯის ავტორი. დაიბადა პეტერბურგში სამოქალაქო საქმეთა ადვოკატის, პოლონური წარმოშობის თავადისა და კოვენის გუბერნიის ძველი საგვარეულოს წარმომადგენლის, პოლიკარპე შიმკევიჩისა და ემილია-ანა-მარია გურსკალინის ოჯახში. თავის ორ ძმასთან ერთად ალექსანდრე სწავლობდა კარლ მაის გერმანულ გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ფერწერაში მიღწეული წარმატებებისთვის ორი მედალიც დაიმსახურა. 

აკადემიის დასრულების შემდეგ შიმკევიჩი დაინიშნა თბილისის საქალაქო არქიტექტორად (1885-1891).  1897-1901 წლებში კარის მრჩეველი ალექსანდრე შიმკევიჩი არჩეულ იქნა თბილისის საქალაქო სათათბიროს დეპუტატად. ის ასევე იყო კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოების წევრი. 1905-1906 წლებში, ძირითადი სამუშაოს გარდა, ის ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1910 წელს, სასწავლებლის წარჩინებული მოსწავლეებისათვის დაარსდა მისი სახელობის სტიპენდია.

შიმკევიჩის პროექტით აშენდა თბილისის არაერთი გამორჩეული შენობა: კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური (1891 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად; 1901 წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ფუნიკულიორის ქვედა სადგური (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.), თამამშევის საცხოვრებელი სახლი (1900-1905 წწ.) და სხვ. ასევე მისი აშენებულია ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).

 

პოლონური წარმოშობის არქიტექტორი, კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის შენობათა კომპლექსის არქიტექტურული პროექტისა და საგამოფენო ავეჯის ავტორი

1887 წლიდან დაიწყო შიმკევიჩის დაპროექტებული კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მშენებლობა. კომპლექსი შენდებოდა თავისი ხასიათით აგრარული მეურნეობის დარგისთვის, ის დიდ ფართობებს მოითხოვდა თუთის ნარგავებისთვის და, იმავდროულად, იმპერიული, ოფიციალური დაწესებულების სახე უნდა ეჩვენებინა. ადვილი წარმოსადგენია, რომ არქიტექტორისთვის ეს საკმაოდ რთული, კომპლექსური დავალება უნდა ყოფილიყო. შიმკევიჩმა შესანიშნავად გაართვა თავი დასახულ ამოცანას, მან ოცამდე შენობა ლოგიკურად გაანაწილა სადგურის საპროექტო ტერიტორიაზე. სადგურის გენგეგმა ორი სექტორისაგან შედგებოდა, შუაში კი თბილისელთა საყვარელი სასეირნო ადგილი – მუშთაიდის ბაღი იყო მოქცეული.

შიმკევიჩი გარდაიცვალა ვარშავაში მოგზაურობის დროს 1907 წლის შემოდგომაზე და დაკრძალეს თბილისის ლუთერანულ სასაფლაოზე. ამ ადგილას მოგვიანებით აშენდა ევანგელურ-ლუთერანული ტაძარი და მისი საფლავი დღეს დაკარგულია. 2011 წელს ტაძართან ახლოს დაიდგა სიმბოლური საფლავის ქვა მემორიალური დაფით, რომელზეც მოცემულია ინფორმაცია შიმკევიჩის შესახებ ქართულ, პოლონურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.