ძალაუფლების ტაქსონომიები: ფოტო ამბები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმიდან
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
გამოფენა წარმოადგენს მუზეუმის უნიკალურ კოლექციას - მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის მიკროსკოპული ფოტოების მინის ნეგატივებს, რომელიც 2022 წელს გაციფრულდა.
კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინსტიტუცია 1887 წელს დაარსდა თბილისში. მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების მიზნით სადგურის დამფუძნებელი, ბიოლოგი ნიკოლაი შავროვი ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა აბრეშუმხვევიას გამრავლებასა და აბრეშუმის წარმოებას მთელ რეგიონში. კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მრავალფეროვანი კოლექციები - სხვადასხვა არტეფაქტი და წიგნები, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საგანმანათლებლო საქმიანობაში და ხელს უწყობდა საზოგადოების ინფორმირებას ამ დარგის შესახებ. სადგურის დაარსების დღიდან, ძირითად შენობაში მოწყობილ ფოტო სახელოსნოში იღებდნენ დოკუმენტურ მასალას აბრეშუმის წარმოების პროცესების შესასწავლად, რაც ინდუსტრიის განვითარების საშუალებას ქმნიდა. სადგურის მისია და სტატუსი რამდენჯერმე შეიცვალა და მხოლოდ 2006 წლიდან ფუნქციონირებს როგორც "აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი".
გამოფენა წარმოადგენს მუზეუმის უნიკალურ კოლექციას - მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის მიკროსკოპული ფოტოების მინის ნეგატივებს, რომელიც 2022 წელს გაციფრულდა. აბრეშუმხვევიას ბიოლოგიის ამსახველ ფოტო-ნიმუშებში მჟღავნდება თუ როგორ ავითარებდა საბჭოთა იმპერია თავის გავლენებს მოლეკულურ დონეზე. ემპირიული ცოდნის შესაქმნელად მეცნიერული კვლევები ხშირად ეყრდნობოდა დოკუმენტურ-ფაქტობრივ მტკიცებულებებს. დღეს უფრო მეტად მიღებულია მოსაზრება, რომ ჭეშმარიტება კი არ უნდა აღმოვაჩინოთ, არამედ შევქმნათ; ხოლო ცოდნა გახვეულია მრავალფეროვან გავლენათა ქსელში, რომელიც კულტურასაც მოიცავს.
ეს გამოფენა 2024 წლის გაზაფხულზე ნიუ-იორკში, მიშკინის გალერეაში იყო ნაჩვენები და თანაკურატორის, მიშკინის გალერეის დირექტორის, ალაინა კლერ ფელდმანის ხელშეწყობით წარმოდგენილია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის განახლებულ საგამოფენო სივრცეში. გამოფენაზე მუზეუმის მინის ნეგატივების კოლექციასთან ერთად აბრეშუმხვევიას ბიოლოგიური ციკლი განვრცობილად წარმოდგენილია გურამ ჟვანიას 1972 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის იშვიათი ჟანრის ფილმში აბრეშუმი, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივიდანაა გამოთხოვილი.
გამოფენა განხორციელდა მიშკინის გალერეის მეგობრებისა და ბარუხის (CUNY) ვაისმანის ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლის დახმარებით. მოგზაურობა და კვლევა მხარდაჭერილია CEC ArtsLink-ის Art Prospect Network Residencies-ის ფარგლებში, Kettering Family Philanthropies-სა და Trust for Mutual Understanding-ის თანადაფინანსებით.
კურატორები: ალაინა კლერ ფელდმანი და მარიამ შერგელაშვილი.