"ნაქარგი ხებერი" აჭარელი ქალების მემკვიდრეობა მითსა და თანამედროვეობას შორის
ირმა შარიქაძე
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
საგამოფენო პროექტი ხორციელდება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გრძელვადიანი ინიციატივის „მუზეუმი და კოლექციონერი“ ფარგლებში. გამოფენა არის ნაწილი ირმა შარიქაძის საავტორო პროექტის “აჭარული მზითვის ფერი.”
18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი გაიხსნა დროებითი გამოფენა, რომელიც ვიზუალურ არტისტ ირმა შარიქაძესთან თანამშრომლობით განხორციელდა. გამოფენა “ნაქარგი ხებერი” (აჭარულ დიალექტზე ხებერი ამბავს ნიშნავს) აჭარული ნაქარგობის არქეტიპულ და ესთეტიკურ შრეებს მულტიმედიური ფორმატით წარადგენს.
ექსპოზიცია აჭარელ ქალთა შემოქმედებით მემკვიდრეობას ხელოვანის პერსონალური ხედვით წარმოაჩენს. ნაქარგობის კოლექცია პირველად განთავსდა მუზეუმის სივრცეში და მოიცავს აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილებზე ხელით შესრულებულ ნაქარგ ორნამენტებს, უნიკალური მცენარეული და გეომეტრიული მოტივებით, ზოომორფული და ანთროპომორფული სახეებით, ნაყოფიერების არქაულ კულტთან დაკავშირებული სიცოცხლის ხისა და მისი მცველების სიმბოლიკით, რაც აჭარის უძველეს მითოსურ წარმოდგენებთან კავშირშია.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია იქნება შარიქაძის მიერ გადაღებული ფოტოდოკუმენტაცია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების შესახებ, აგრეთვე ფილმი “აჭარული მზითვის ფერი”, ახალი ობიექტები და Irma De Flore-ის აჭარული ტრადიციული სამოსის ინსპირაციით შექმნილი კოსტიუმები. გამოფენის გახსნაზე გაიმართა პერფორმანსი თანამედროვე ბალეტის წამყვანი სოლისტების მონაწილეობით. მონაწილეები: ნინა გოგუა და ნათია ბუნტური.
კონცეფცია
აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული ხელსაქმის უნიკალური ფორმაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალთა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბდა. გამოფენა აჭარელ ქალთა შემოქმედებით მემკვიდრეობას, ხელოვან ირმა შარიქაძის პერსონალური ხედვით, მულტიმედიურად წარმოაჩენს.
ნაქარგობის კოლექცია მუზეუმის სივრცეში პირველად გამოიფინა და გააერთიანა ხელით შესრულებული ნაქარგი ორნამენტებით გაფორმებული აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილები. ქსოვილებზე გამოსახული ორნამენტული ფორმები და სიმბოლიკა აჭარის უძველეს მითოსურ წარმოდგენებთან არის დაკავშირებული. ნაქარგობის ვიზუალურ ენაში ვლინდება ქალის როლი მზითვის ტრადიციის შენარჩუნებისა და კულტურული მეხსიერების გადაცემის პროცესში — ესაა უნიკალური კოდი, რომელიც აჭარული იდენტობის შრეებს ინახავს. 2020 წელს აჭარულ ნაქარგობას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილია ირმა შარიქაძის ახალი ფოტო-ინსტალაცია „Flower Power“ (2025), ასევე, 2019-2022 წლებში მაღალმთიან აჭარაში ხელოვანის ექსპედიციისას გადაღებული ფოტოდოკუმენტაცია და დოკუმენტური ფილმი, სადაც აჭარელი ქალების ყოველდღიური ყოფა ხელოვანის ინტერპრეტაციითაა აღბეჭდილი. მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დროებით ინტეგრირებულია Irma De Flore-ის ინსტალაცია, რომლის დიზაინი თანამედროვე ვიზუალურ ფორმატში გარდაქმნის ნაქარგობის ტრადიციულ ესთეტიკას.
საგამოფენო პროექტი ხორციელდება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გრძელვადიანი ინიციატივის „მუზეუმი და კოლექციონერი“ ფარგლებში. გამოფენა არის ნაწილი ირმა შარიქაძის საავტორო პროექტის “აჭარული მზითვის ფერი.”